აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის ისტორია შვიდი ათწლეულის წინათ დაიწყო და ამჟამად იგი შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. 1933 წლის 13 თებერვლიდან ქუთაისში ფუნქციონირება დაიწყო პედაგოგიუმა ინსტიტუტმა, რომელიც 1990 წლამდე ალექსანდრე წულუკიძის სახელს ატარებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში პედაგოგიურ ინსტიტუტს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტატუსი იმ ღირსებებისა და დამსახურებებისთვის მიენიჭა, რომელიც ინსტიტუტმა 60 წლიანი მოღვაწეობით დააგროვა. კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად უნივერსიტეტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2006 წელს ორი უმაღლესი სასწავლებლის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 8 ფაკულტეტი, აქედან ერთ-ერთი უძველესია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა. ფაკულტეტზე წარმართული სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის მიზანია, სტუდენტებს მისცეს უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის შესაბამისი ცოდნა; მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ მეცნიერული მსოფლმხედველობა, მაღალი კულტურა და საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები.













