en ge am








2011 წლის 5 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ,,განათლების კვირეული 2011’’ გაიხსნა

 

2011 წლის 5 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ,,განათლების კვირეული 2011’’ გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულება, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

კვირეულის გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მან გამოფენის მნიშვნელობაზე, განათლების რეფორმასა და ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა. გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ღონისძიების მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების მიერ  შეთავაზებულ პროგრამებს.

განათლების კვირეულზე აქტიურად იყო წარმოდგენილი  ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში  შემუშავებული ახალი  სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“.

 

სამაგისტრო პროგრამის 4 ქვეპროგრამის (ჯანდაცვის, კვების, გარემოს დაცვისა  და აგრობიოტექნოლოგია) პრეზენტაციასა და პოპულარიზაციაში ჩართულები იყვნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის 21 სტუდენტი, რომლებსაც პროექტის  სარეკლამო პარტნიორმა “DEMO GOGIA GROUP” წინასწარ ჩაუტარა ორდღიანი ტრენინგები რეკლამირება-პრომოუშენში.


პროექტის კოორდინატორების შეფასებით, პროგრამის ძირითად ასპექტებზე  აქცენტების სწორად დასმითა  და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემის გზით  სტუდენტებმა წარმატებით შეძლეს  განათლების კვირეულზე  მოსულ დამთვალიერებლებში „გამოყენებითი ბიომეცნიერებების“ სამაგისტრო პროგრამისადმი ინტერესის გაღვივება.

„განათლების კვირეული 2011“ ერთ კვირას გაგრძელდა და 13 მარტს დასრულდა.

პროექტის კოორდინატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გამოფენის დახურვაზე გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები ექსტრა-კურიკულური აქტივობისათვის.

 

 

 

 

გალერეა

 

 

 


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია