შეფასების სისტემა
მოდულების შეფასების სისტემა
(შემუშავებულია ტემპუსის პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს დოკუმეტის სამუშაო ვერსიას და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს)
წინასიტყვაობა
ტემპუსის პროგრამის ფარგლებში შემუშავბეული სამაგისტრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ წარმატებით მიმდინარეობისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პროგრამის ეფექტური მართვის სქემა, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ შეფასების სისტემა წარმოადგენს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სასწავლო მოდულების შეფასების სისტემის საბაზისო დებულებების ნაკრებს, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც სახელმძღვანელო მითითებანი აკადემიური პერსონალისათვის.
დოკუმენტი მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარე ტემპუსის პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ და ესადაგება უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის რეგულაციის წესებს (დადგენ. #92, #208).
წინამდებარე დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამავე დროს ტემპუსის პროექტის სამუშაო ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ შეფასების შემოთავაზებული სისტემა მოწონებული და გაზიარებული იქნება ჩვენი კოლეგების მიერ.
1. განმარტებები
1.1. მოდული წარმოადგენს სასწავლო პროგრამების შემადგენელ კრედიტების მისანიჭებელ სტრუქტურულ ერთეულს ერთიანი საუნივერსიტეტო სწავლების მოდულური სქემის ჩარჩოში.
1.2 მოდული თავისი შინაარსით წარმოადგენს სასწავლო კურსის ერთეულს ან კურსის ერთეულების ნაკრებს.
1.3 მოდული განისაზღვრება კრედიტების რაოდენობით და ფასდება როგორც დამოუკიდებელი ერთეული.
1.4. თითოეული მოდულის სწავლება გარკვეულ აკადემიურ დონეზე მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, სტუდენტთა კომპეტენციების გრადუალური და პროგრესული განვითარების პრინციპის დაცვით.
1.5 აკადემიური დონე ჩვეულებრივ ეფუძნება სწავლის სირთულესა და სიღრმეს. ის ასოცირდება სასწავლო წელთან (4 წლიანი პროგრამის 1/2/3/4 დონე) და/ან კურსის შინაარსთან (საბაზო/საშუალო./მაღალი);
1.6 თითოეული მოდულისათვის განსაზღვრულია შეფასების სისტემა, რაც აისახება მოდულის სპეციფიკაციასა და სილაბუსში. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება შესაბამისი კრედიტი.
2. მოდულის ტიპები
ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სწავლების მეორე დონეზე (მაგისტრატურა) ჩვენ განვიხილავთ შემდეგი ძირითადი ტიპის მოდულებს:
- სტანდარტული მოდული (სავალდებულო, სავალდებულო არჩევითი, არჩევითი)
- სამაგისტრო ნაშრომი
სტანდარტული მოდული ჩვეულებრივ გულისხმობს აუდიტორიაში ან ლაბორატორიაში მიმდინარე აკადემიურ ბლოკს.
სამაგისტრო ნაშრომი წარმოდგენს მოდულის განსაზღვრულ ფორმას, რომლის შესრულება ხდება მხოლოდ მაგისტრატურაში.
3. მოდულის შეფასების სქემა
3.1 თითოეული მოდული ფასდება დამოუკიდებლად როგორც ცალკეული ერთეული.
3.2 ყველა მოდული შედგება შეფასების ერთი (A) ან ორი კომპონენტისაგან (A და B). თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი შესაბამისი პროცენტული წილი მოდულის საერთო შეფასებაში.
3.3 კომპონენეტი A ფასდება კონტროლირებად გარემოში (დასკვნითი გამოცდა);
სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით დასკვნითი სემესტრული გამოცდა შეიძლება იყოს წერითი, ზეპირი, ან ერთდროულად მოიცავდეს წერითი და ზეპირი გამოცდის კომპონენტებს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს.
3.4. კომპონენტი B შეიძლება შეფასდეს როგორც კონტროლირებად (შუალედური გამოცდა), ისე არაკონტროლირებად გარემოში (ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიში, გამოკითხვა სემინარულ მეცადინეობაზე, ტესტები, პრეზენტაცია, წერილობითი ანგარიში, ესსე და ა.შ.).
მოდულის ხელმძღვანელი თავისუფალია B კომპონენტის შეფასების არჩევანში;
3.5 თითოეული სტანდარტული მოდული ფასდება 100-ქულიანი (100%) სისტემით. მოდული ითვლება ჩაბარებულად, თუ სტუდენტი დააგროვებს, მოდულის შეფასების სისტემით განსაზღვრული ქულების არანაკლებ 51%.
3.6 სტანდარტული მოდულის შეფასებაში A და B კომპონენტების წილი განისაზღვრება შემდეგი წესით: A კომპონენტი მინიმუმ 40% და B კომპონენტი – მაქსიმუმ 60%. A კომპონენტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს კომპონენტისათვის განსაზღვრული ქულების ნახევარს - 50%-ს. ამავდროულად, საბოლოო-დასკვნით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც B კომპონენტში დაგროვილი აქვს არანაკლებ 11 %ისა. მოდული ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შეფასების A კომპონენტის მაქსიმალური ქულისა და B კომპონენტში მიღებული ქულების გათვალისწინებით სტუდენტს უგროვდება მოდულის შეფასებისათვის განსაზღვრული ქულების ნახევარზე მეტი (51%).
მაგალითად, თუ A არის 40%, B – 60%, ასეთ შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება გამოცდაზე (A კომპონენტის შესაფასებლად), თუ B კომპონენტში დააგროვა არანაკლებ 11 ქულისა. A კომპონენტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს არანაკლებ 20 ქულას; ამდენად, მოდული საბოლოოდ ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ A და B კომპონენტების ჯამში სტუდენტი დააგროვებს არანაკლებ 51 ქულას.
3.7 სამაგისტრო ნაშრომის მოდული ფასდება მხოლოდ A კომპონენტით. დასაშვებია მოხდეს ჯგუფური შეფასებაც, თუკი ამას ითვალისწინებს მოდულის სპეციფიკაცია.
4. მოდულის შეფასების პროცესი
4.1 მოდულის შეფასება აკადემიური სემესტრის დასასრულს შესაძლებელია ორი დამოუკიდებელი მცდელობით. სტუდენტი, რომელიც ვერ ჩააბარებს ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს პირველ მცდელობაზე (დასკვნითი გამოცდა) , ხელახლა გაივლის შეფასებას განმეორებითი მცდელობის (დამატებითი გამოცდის) ფარგლებში.
4.2 მცდელობების ვადები განისაზღვრება თსუ სასწავლო დეპარტამენტის მიერ.
4.3 განმეორებითი მცდელობა დასაშვებია იმავე აკადემიური სემესტრის განმავლობაში.
4.5 პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს მეორე მცდელობაზე (დამატებით გამოცდაზე) შემდეგი წესების გათვალისწინებით:
4.5.1 სტანდარტული მოდულის განმეორებითი ჩაბარების უფლება, მოდულის განმეორებითი მოსმენის გარეშე, ეძლევა დასკვნით გამოცდაზე წარუმატებელ სტუდენტს, თუ A და B კომპონენტში დაგროვებული ქულა არანაკლებ 41-ია.
4.5.2 თუ სტუდენტის მიერ პირველი მცდელობისას მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, მას სტანდარტულ მოდულის განმეორებითი ჩაბარების უფლება მხოლოდ მოდულის განმეორებითი მოსმენის შემდეგ ეძლევა
4.6 მოდულის სპეციფიკაციაში უნდა იყოს მითითებული B კომპონენტის ელემენტები და მათი აღდგენის მეთოდები განმეორებითი მცდელობის დროს (ასეთი საჭიროების შემთხვევაში).
4.4 B კომპონენტის ქულები ერთი მცდელობიდან გადადის მეორე მცდელობაში.
4.5 განმეორებითი მცდელობისა და მისი შეფასების პირობები განსაზღვრული უნდა იყოს მოდულის სპეციფიკაციაში.
4.6. მოდულის ჩაბარების შემთხვევაში დაუშვებელია დამატებითი მცდელობის გამოყენება შეფასების ამაღლების მიზნით.
4.7. ორი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში გამონაკლის პიროებებში პროგრამის მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებით დასაშვებია მე-3 მცდელობა.
4.8 სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
4.9 მოდულის საბოლოო შეფასებაში სტუდენტის მიერ მიღებული ქულები განაწილებულია შემდეგი სქემით:
ქულები |
შეფასება |
91-100 |
ფრიადი, A |
81-90 |
ძალიან კარგი, B |
71-80 |
კარგი, C |
61-70 |
დამაკმაყოფილებელი, D |
51-60 |
საკმარისი, E |
41-50 |
ვერ ჩააბარა, FX |
0-40 |
ჩაიჭრა, F |
5. დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრები (პრეზენტაცია, ანგარიში, პროექტი, რეფერატი და აშ.)
5.1 დასაშვებია სტუდენტის მიერ ნამუშევრის წარდგენა 24 საათის დაგვიანებით, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე. ამავე დროს სტუდენტი ვალდებულია დაგვიანების შესახებ აცნობოს მოდულის ხელმძღვანელს დანიშნულ ვადამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე.
5.2 24 საათის გასვლის შემდეგ, მომდევნო 10 დღის განმალობაში:
- არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, წარმოდგენილ ნამუშევარში სტუდენტს ავტომატურად აკლდება მიღებული ქულის ერთი მესამედი.
- საპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, წარმოდგენილ ნამუშევარში სტუდენტს ქულა არ აკლდება. საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სტუდენტმა წერილობით უნდა აცნობოს მოდულის ხელმძღვანელს ნამუშევრის წარმოდგენის 10 დღიანი ვადის ამოწურვამდე.
5.3 არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ნაშრომის შეფასება არ ხდება. სტუდენტს უკან უბრუნდება ნამუშევარი.
5.4 ყველა სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევას პროგრამის მართვის კომიტეტი განიხილავს და წყვეტს დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრის შეფასების საკითხს.
6. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება
6.1 სამაგისტრო ნაშრომი ფასდება მხოლოდ A კომპონენტით;
6.2 სამაგისტრო ნაშრომის შესრულება განიხილება როგორც სამაგისტრო ხარისხის მოპოვების დასკვნითი ეტაპი;
6.3 სამაგისტრო ნაშრომის შეფასება (საჯარო დაცვა) ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დანიშნულ საგამოცდო კომისიაზე;
6.4 სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო შეფასება შედგება საგამოცდო ქულისა და ექსპერტის შეფასებისაგან.
6.5 დასაშვებია პროგრამით დადგენილ ვადებში სამაგისტრო ნაშრომის შეფასების მხოლოდ ერთი მცდელობა.
6.6 საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუკი მაგისტრანტი დადგენილ ვადებში წარადგენს, მაგრამ ვერ დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს, უნივერსიტეტის რეგულაციების გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მას მომდევნო სემესტრებში ეძლევა ნაშრომის ხელახალი შეფასების შესაძლებლობა.
6.7 სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია. არადამაკმაყოფილებლად შეფასებული ნაშრომის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ დამატებით სემესტრში, ადმინისტრაციული რეგისტრაციის შემდეგ .













